22, აპრილი 2019 20:03:00
სპორტ-დარბაზი, სადაც ვარჯიში ნახევრადგაყინულ დარბაზში მიმდინარეობს. ჩაქვში მდებარე ობიქტი სავალალო მდგოამრეობაშია, შენობა ამორტიზებულია. როდის შეუქმნის სახელმწიფო საქმიანობისთვის ელემენტარულ პირობებს სპორტსმენებს?
ახალგაზრდა ძალოსანი წლებია, რაც დაბა ჩაქვში ამ დარბაზში ვარჯიშობს. ნახევრად დაზიანებული შენობის ჭერიდან წყალი ჩადის, ამორტიზებულია იატაკი, არ არის გათბობის სისტემაც. სპორტსმენები წლებია მხოლოდ შეშის ღუმელის მეშვეობით თბებიან.
14 წლის სპორტსმენი საბა აბაშიძე ამბობს, რომ სპორტული აქტივობის ჩატარება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ჭირს. შენობაში არ არსებობს გასახდელი ოთახიც. მოვარჯიშეებისთვის შენობაში კომფორტისა და შესაბამისი გარემოს შექმნაა სასურველი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 110 ათასი ლარია. დოკუმენტაციის შედგენაზე განცხადებების მიღება 28 აპრილს დაიწყება. მეორე ეტაპი, ობიექტის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადებას ითვალისწინებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, ახალ ბაზაზე დაგეგმილია მისასვლელი გზებისა და საკომუნიკაციო არხების მოწყობა. პროექტის მიხედვით, ნაგებობა როგორც ადაპტირებული, ასევე სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ცნობისთვის, სპორტსმენები პირობების გაუმჯობესებას წლებია უშედეგოდ ითხოვდნენ. არაერთი დაპირების მიუხედავად, მათ ვარჯიში ამორტიზებულ, ნახევრად გაყინულ შენობაში უწევდათ.